მწვრთნელის სწორად შერჩევის აუცილებლობა!

ჩვენი ბავშვების ფიზიკური აღზრდა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც გონებრივი. ეს მნიშვნელოვანია არამარტო მათი ფიზიკური ჯანმრთელობისთვის, არამედ ადამიანებთან ურთიერთობის სასწავლად, განუვითარდებათ დისციპლინა, გუნდური მუშაობის უნარები და ემპათია. მწვრთნელი დიდ როლს ასრულებს ამ ყველაფერში.

ბავშვებს ექნებათ მწვრთნელის პატივისცემა, დააკვირდებიან მის ყოველ ქცევას და ამის შესაბამისად ჩამოუყალიბდებათ მორალური ღირებულებები. შესაბამისად, ბავშვი სწორად რომ განვითარდეს, საჭიროა შევარჩიოთ ამ საქმისთვის შესაფერისი მწვრთნელი.

როგორ გადავწყვიტოთ თუ რომელ მწვრთნელს ვანდოთ ჩვენი ბავშვის მომავალი?

მიიღეთ რჩევები

ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ხშირად ვითვალისწინებთ სხვის რჩევებს, იქნება ეს ჩვენი ახლო ნაცნობი თუ ვინმე უცხო სოციალურ ქსელში. ამით შევძლებთ საძიებო დიაპაზონი შევავიწროვოთ. როდესაც ეს მწვრთნელის შერჩევას ეხება, აუცილებელია ვკითხოთ სხვა მშობლებს, თუ რამდენად კმაყოფილები არიან მწვრთნელის წვრთნის მეთოდით, მოსწონთ თუ არა ბავშვებს გარემოცვა, ხშირად იღებენ თუ არა რაიმე სახის დაზიანებას, იღებენ თუ არა სიამოვნებას სპორტისგან, ვითარდებიან თუ არა სპორტში და შეიძინეს თუ არა მეგობრები.

მას შემდეგ, რაც შეარჩევთ მწვრთნელს, გადაწყვიტავთ ბავშვი მიიყვანოთ მასთან. თუმცა ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება და თავად უნდა დარწმუნდეთ მწვრთნელის პროფესიონალიზმში.

ინფორმაცია მწვრთნელის შესახებ

ყველა ტიპის სპორტს აქვს თავისი სპეციფიკური ინდიკატორი, რითაც შეძლებთ მწვრთნელის ცოდნის დონის განსაზღვრას. მაგალითისთვის, საბრძოლო ხელოვნებების უმეტესობას აქვს ქამრების იერარქია. თუ სხვა ტიპის სპორტზეა საუბარი, მაშინ დაინტერესდით რა ტიპის შეჯიბრებებში აქვს მიღებული მონაწილეობა და რა არის მათი მიღწევები. პროფესიონალი მწვრთნელების უმეტესობას ასეთი ტიპის შეკითხვებთან პრობლემა არ ექნება, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ ზრდილობიანად კითხოთ. აღნიშნული ინფორმაცია დაგეხმარებათ განსაზღვროთ შეძლებს თუ არა მწვრთნელი თქვენი შვილისთვის ცოდნის გადაცემას.

კიდევ ერთი დელიკატური საკითხი, რაც უნდა გაითვალისწინოთ არის, იცის თუ არა მწვრთნელმა პირველადი დახმარების გაწევა. ნებისმიერი ტიპის სპორტი რისკის მატარებელია და მწვრთნელს უნდა შეეძლოს ხელოვნური სუნთქვის და გულის არაპირდაპირი მასაჟის გაკეთება, იცოდეს როგორ მოიქცეს მოტეხილობის ან თავის ტრამვის დროს და ა.შ. რათქმაუნდა გამარჯვებაზე უფრო მნიშვნელოვანი ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობაა, ამიტომ თამამად დაუსვით ეს შეკითხვა.

დაინტერესდით სწავლების როგორი სტილი აქვს არჩეული მწვრთნელს, აღმზრდელობითი თუ მკაცრი დისციპლინის სტილი. აღნიშნული უკვე თქვენს ინდივიდუალურ სურვილზეა დამოკიდებული, თუ რა არის თქვენთვის მისაღები. ასევე მნიშვნელოვანია რამდენად კარგი ახსნის უნარი აქვს მწვრთნელს. იყო გამოცდილი გარკვეულ დისციპლინაში არ ნიშნავს იყო კარგი მასწავლებელი. ამ ორი კრიტერიუმით შეფასებისთვის დაესწარით ღია გაკვეთილებს.

იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული ხართ, რომ თქვენმა შვილმა მონაწილეობა მიიღოს შეჯიბრებებში, კითხეთ მწვრთნელს, თუ რა შეჯიბრებებში აქვს მონაწილეობა მიღებული, რა მიღწევები აქვს, ხელს უწყობს თუ არა აკადემია, კლუბი მოსწავლეების შეჯიბრებებში ჩართვას და რა მიღწევები აქვთ მათ. გახსოვდეთ, მსოფლიო ჩემპიონთან ბავშვის მიყვანა არ ნიშნავს, რომ ისიც ჩემპიონი გახდება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, არ არის პირდაპირი კავშირი ჩემპიონობასა და კარგ მწვრთნელობას/მასწავლებლობას შორის.

გაითვალისწინეთ შვილის აზრი

თქვენი შვილის აზრი ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან გავლენას იქონიებს მის პროგრესზე არჩეულ დისციპლინაში. რა სტილიც არ უნდა ქონდეს არჩეული მწვრთნელს, უნდა იზრუნოს, რომ შექმნას მეგობრული, ოჯახური გარემო. მან ხელი უნდა შეუწყოს ჯანსაღ კონკურენციას, უნდა აუხსნას მოსწავლეებს, რომ ისინი ერთმანეთს აძლიერებენ და თუ რამეს დაუშავებენ თავიანთი გუნდის წევრს, თავიანთ პროგრესზეც უარყოფით გავლენას იქონიებენ. მთლიანობაში, მთავარია თქვენი შვილი იყოს ბედნიერი, ამიტომაც ყოველთვის გაითვალისწინეთ მისი აზრი.

NOTIFY ME WHEN BACK IN STOCK We will inform you when the product arrives in stock. Just leave your valid email address below.
Email Quantity We won't share your address with anybody else.
%d bloggers like this: